14 ნოემბერი, 2008
ამნისტია ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევასაც შეეხება
ამნისტია ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევასაც შეეხება, რასთან დაკავშირებითაც სასჯელის ფორმა სისხლის სამართლის კოდექსში მიმდინარე წელს განისაზღვრა.ბუღალტრებთან მიმართებაში სისხლის სამართლის კოდექსს 204(1) მუხლი, მიმდინარე წლის 14 მარტს, გლობალური საფინანსო პაკეტის ფარგლებში დაემატა. ამ მუხლის მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით, ისჯება ჯარიმით. ხოლო, იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის და რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამ მუხლით მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან. “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში ხვალ პირველი მოსმენით იქნება განხილული. “ინტერპრესნიუსი”
|